Article version 2021.117.0

შეტყობინება Volvo ავტომობილის მართვის კონფიდენციალურობის შესახებ

ძალაში შესვლის თარიღი:

გამოქვეყნებულია:

ამ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ აღწერილია, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars (როგორც განსაზღვრულია ქვემოთ) მანქანის მიერ გენერირებულ მონაცემებს მომხმარებლების მიერ Volvo ავტომობილის და მასთან დაკავშირებული სერვისების გამოყენებისას, რომელთა მომწოდებელია Volvo Cars.

ამ დოკუმენტში აღწერილია მხოლოდ პერსონალური მონაცემების დამუშავება Volvo ავტომობილის უახლესი მოდელების ფუნქციებთან დაკავშირებით, თვითონ ფუნქციები კი არ არის აღწერილი – მათი აღწერა იხილეთ შესაბამისი მოდელის მფლობელის სახელმძღვანელოში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ შეტყობინებასა და მფლობელის სახელმძღვანელოს შორის რაიმე შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, უპირატესობა ენიჭება ამ შეტყობინებას. გარდა ამისა, რადგან სახელმძღვანელოში აღწერილია ყველა ფუნქცია, მასში ასევე მითითებული იქნება მონაცემების დამუშავება სხვა ფუნქციებისთვის, რომლებიც განსხვავდება ქვემოთ აღნიშნული ფუნქციებისგან – ამის მიზეზია ის, რომ იმ სხვა ფუნქციებისთვის მონაცემები ლოკალურად მუშავდება (მონაცემები მანქანის ფარგლებში რჩება) და შესაბამისად, ეს არ ითვლება პერსონალური მონაცემების დამუშავებად Volvo Cars-ის მიერ, ან ამის მიზეზია ის, რომ ის სხვა ფუნქციები გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას მესამე მხარეების მიერ, რომლებიც ცალკე მაკონტროლებლების სახით მოქმედებენ (მაგალითად, Google საინფორმაციო-გასართობი სისტემა Android Automotive-ის შემთხვევაში).

გარდა ამისა, რადგან მონაცემების დამუშავება დამოკიდებულია სერვისებზე, რომლებითაც აღჭურვილია ავტომობილი და ასევე სერვისებზე, რომელთა გააქტიურებასაც აირჩევთ, ამ დოკუმენტში წარმოდგენილია დამუშავების მაქსიმალური შესაძლო ფარგლები. თავისთავად, თუ უფრო ძველი მოდელის მანქანა გყავთ, ან თუ ახალი მოდელი არ არის აღჭურვილი გარკვეული ფუნქციით, ამ ფუნქციასთან დაკავშირებით მონაცემები არ დამუშავდება.

ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ არ ვრცელდება:

  • სპეციალურ ავტომობილებზე (მაგ., პოლიციის მანქანებზე);
  • ისეთი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომლებიც მანქანის ფარგლებში რჩება (ლოკალურად დამუშავებაზე);
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ჩვენ ერთ-ერთ საცალო გამყიდველთან თქვენი ინტერაქციის დროს (მაგალითად, თქვენ მიერ მანქანის ყიდვისას);
  • თქვენ მიერ მანქანაში პროგრამული უზრუნველყოფის ან მესამე მხარის აპების/სერვისების გამოყენებაზე (როგორიცაა Google Automotive და აპები მანქანის საინფორმაციო-გასართობ სისტემაში);
  • თქვენ მიერ Volvo Cars-ის მიერ მოწოდებული მობილური აპების გამოყენებაზე, როგორიცაა Volvo On Call/Volvo Cars აპი;
  • თქვენ მიერ მესამე მხარის დამატებული ღირებულების სერვისების გამოყენებაზე მანქანის მონაცემების საფუძველზე (როგორიცაა სადაზღვევო შენატანი გავლილი მანძილის მიხედვით).
  • თქვენს მანქანაში ინტერნეტის სერვისის მოწოდებაზე, რომელსაც გაწვდით მობილური ქსელის ოპერატორი Volvo Cars-ისგან დამოუკიდებლად.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:

  1. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე;
  2. რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და როგორ მუშავდება მონაცემები;
  3. თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
  4. საკონტაქტო ინფორმაცია
  5. ამ შეტყობინების ცვლილებები

1. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

ქვემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია Volvo Car Corporation, რომლის ოფისი რეგისტრირებულია მისამართზე Assar Gabrielssons Väg, SE-405 31 Gothenburg, Sweden (შვედეთი), კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 556074-3089, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Volvo Cars“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“. ზოგიერთ სიტუაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავება კონტროლდება ერთობლივად რამდენიმე მაკონტროლებლის მიერ, რომლებიც განსაზღვრული არიან დოკუმენტის შესაბამის ნაწილებში. თუმცა ყოველ სიტუაციაში პირები, რომლებიც ერთობლივად აკონტროლებენ მონაცემების დამუშავებას, ეთანხმებიან იმას, რომ ინფორმაციას გაწვდით Volvo Cars და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები (იხილეთ ქვემოთ მოცემული ნაწილი 3).

2. რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და როგორ მუშავდება მონაცემები

2.1. პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენ მიერ მანქანის მართვისას

2.1.1. ავტომობილის მონაცემების ანალიზი

ჩვენ ვამუშავებთ ავტომობილის მონაცემებს (ჩამოთვლილია ქვემოთ) ჩვენი ავტომობილებისა და მათი გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას პროდუქტების კვლევისა და განვითარების მიზნით, კერძოდ, ავტომობილების და მათი უსაფრთხოების ფუნქციების გაუმჯობესებისა და მონიტორინგისთვის. ეს ასევე ემსახურება Volvo Cars-ის საგარანტიო ვალდებულებების მართვას და გამონაბოლქვის მონიტორინგთან დაკავშირებით ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებას.

გამოიყენება შემდეგი კატეგორიების მონაცემები:

  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
  • ავტომობილის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების იდენტიფიკატორები;
  • გაუმართაობების დიაგნოსტიკური კოდები (DTC);

Volvo Cars-ის მიერ ასევე შეგროვდება შემდეგი სახის ინფორმაცია ავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში):

  • მაღალი ძაბვის აკუმულატორის ID, ტევადობა და მდგომარეობა;
  • საბაზრო ინფორმაცია ავტომობილის შესახებ;
  • ინფორმაცია დასამუხტი სადგურის შესახებ (მაგ., ხელმისაწვდომობის სტატუსი, სიმძლავრის ტიპი, სვეტის ID და ა.შ.);
  • დიაგნოსტიკური მონაცემები დამუხტვისას (მაგ., ხანგრძლივობა, დამუხტვის მდგომარეობა, მიმდინარე ფლუქტუაცია და ა.შ.).

ზემოთ აღნიშნული მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა (მუხ. 6(1)(a) GDPR).

სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), ავტომობილის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების იდენტიფიკატორები და გაუმართაობების დიაგნოსტიკური კოდები (DTC) შეინახება 2 წლის განმავლობაში, ხოლო ინფორმაცია ავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორის შესახებ შეინახება აკუმულატორის მთელი ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში.

ჰიბრიდული ან ელექტრული ავტომობილების შემთხვევაში, Volvo Cars და Polestar Performance AB (შვედური კომპანია, რომლის სათაო ოფისის მისამართია Göteborg, Assar Gabrielssons Väg 9, SE-405 31, Sweden (შვედეთი), შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Polestar“) ერთმანეთს უზიარებენ მათი შესაბამისი ავტომობილების ანალიზის მონაცემებს. ანალიზის მონაცემების გაცვლა Volvo Cars-სა და Polestar-ს შორის, როგორც აღნიშნულია ზემოთ, სუფთა ტექნიკურ ხასიათს ატარებს და არ მოიცავს ფაქტობრივი მომხმარებლის მონაცემებს. Volvo Cars-ის და Polestar-ის პლატფორმების მეშვეობით შეგროვებული ანალიზის მონაცემების გაცვლა ორ კომპანიას შორის ხდება ავტომობილის ხარისხის, ელექტრული, ჰიბრიდული და უსაფრთხოების ფუნქციების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მონიტორინგისთვის.

რაც შეეხება ე.წ. „ერთობლივად პასუხისმგებელ მაკონტროლებლებს“ GDPR-ის მიხედვით, Volvo Cars და Polestar ერთობლივად აგებენ პასუხს ანალიზის მონაცემების ამგვარ დამუშავებაზე. Volvo Cars და Polestar ეთანხმებიან იმას, რომ Volvo Cars პასუხისმგებელია საკუთარი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და GDPR-ით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებები გამოყენებული იქნება Volvo-ს მომხმარებლების მიერ Volvo Cars-ის მიმართ. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემულ ნაწილში 3 (რა უფლებები გაქვთ ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით).

2.1.2. პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უსადენო ქსელით

ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის და მისი აუცილებელი განახლებების უზრუნველსაყოფად ჩვენ მიერ დამუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
  • ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია;
  • გაუმართაობების დიაგნოსტიკური კოდები და
  • ავტომობილის წარმოების თარიღი.

ჩვენ დავამუშავებთ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს, თუ დათანხმდებით ამაზე (მუხ. 6(1)(a) GDPR). თუ თქვენ უარს იტყვით პროგრამული უზრუნველყოფის უსადენო განახლებებზე, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი განახლებული სერვისებით სარგებლობას ან ვერ შეძლებთ ამ სერვისებით სრული მოცულობით სარგებლობას. განახლების შეუსრულებლობამ შეიძლება ასევე გაზარდოს კიბერუსაფრთხოების ინციდენტების რისკი, როგორც ყველა დანარჩენი სმარტ მოწყობილობის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ განახლებების დაინსტალირება ჩვენს ერთ-ერთ სახელოსნოში.

ჩვენ შევინახავთ მანქანის პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელებული განახლებების ჩანაწერებს ავტომობილის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

2.1.3. უსაფრთხოების სისტემა Connected Safety

ჩვენი ავტომობილები აღჭურვილია დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციით Connected Safety, რომელიც გატყობინებთ გზაზე არსებული სიტუაციის შესახებ. ეს ინფორმაცია მიიღება თქვენს მანქანასა და სხვა ისეთ ავტომობილებს შორის კომუნიკაციის საფუძველზე, რომლებშიც ასევე გააქტიურებულია ფუნქცია Connected Safety (მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები Volvo). ეს ინფორმაცია გამოიყენება იმისათვის, რომ მძღოლმა მიიღოს ინფორმაცია გზაზე არსებული პირობების ცვლილებების შესახებ ეკრანზე ასახული გაფრთხილებების საშუალებით და შესაბამისად შეცვალოს ავტომობილის მართვის სტილი. ინფორმაცია, რომელიც მოიცავს პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ მძღოლის ვინაობას, არ იქნება გაცვლილი ავტომობილებს შორის. თუმცა, თუ გააქტიურდა ავტომობილის საკუთარი საავარიო სიგნალიზაცია ან როდესაც ავტომობილი დაადგენს შემცირებულ ხახუნს საბურავებსა და გზის ზედაპირს შორის, ინფორმაცია ამის შესახებ შეიძლება გადაიგზავნოს ავტომობილებში, რომლებიც უახლოვდებიან თქვენი ავტომობილის მდებარეობას.

სერვისი Connected Safety უზრუნველყოფს გაფრთხილებებს გზაზე არსებული საფრთხის შესახებ (მაგ., მოლიპული გზა, საავარიო სიგნალიზაცია) და ასევე აგროვებს მონაცემებს თქვენი საკუთარი ავტომობილიდან და ამატებს მათ სერვისში:

  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
  • ინფორმაცია ინტერნეტკავშირის შესახებ (Wi-Fi/PSIM/Bluetooth)
  • მოლიპული გზის შესახებ გაფრთხილების გააქტიურება
  • საავარიო სიგნალიზაციის გააქტიურება
  • თითოეული გაფრთხილების დროითი აღნიშვნა
  • გაფრთხილების მდებარეობა
  • გზების 3D რუკა.

ჩვენ დავამუშავებთ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს თქვენთვის სერვისის გაწევისას (მუხ.  6(1)(b) GDPR). თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩართოთ ან გამორთოთ სერვისი.

გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული მონაცემები მუშავდება ანონიმურად და გადაიცემა Volvo Trucks-ში (Connected Safety სერვისის შესაქმნელად) და საგზაო მოძრაობის სააგენტოებში (საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად).

ჩვენ შევინახავთ მონაცემებს 1 კვირის განმავლობაში, სანამ წავშლით მათ ან მოვახდენთ მათ ანონიმიზებას.

2.1.4. ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ რეალურ დროში

რეალურ დროში საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციის სერვისი იღებს ინფორმაციას საგზაო მოძრაობის შესახებ მესამე მხარის სერვისის პროვაიდერისგან.

ჩვენ მიერ შეგროვდება შემდეგი მონაცემები მანქანიდან:

  • ავტომობილის მდებარეობა და სიჩქარე – ამ მონაცემებს გავუზიარებთ მესამე მხარის სერვისის პროვაიდერს საცობების გამოსათვლელად და საცობების რისკის შესახებ თქვენთვის და სხვა მძღოლებისთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად; ეს მონაცემები ანონიმურია მესამე მხარის სერვისის პროვაიდერისთვის.
  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – გამოიყენება Volvo Cars-ის მიერ იმის შესამოწმებლად, რომ თქვენს ავტომობილს აქვს ამ სერვისის გამოწერა.

მანქანის მოდელები, რომლებიც აღჭურვილია ისეთი სენსორით, რომლებსაც შეუძლიათ რეალურ დროში საგზაო ნიშნების ამოცნობა თქვენ მიერ ავტომობილის მართვის დროს, ამას უზრუნველყოფენ მონაცემების მხოლოდ ლოკალურად (მანქანაში) დამუშავების გზით.

ჩვენ დავამუშავებთ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს თქვენთვის სერვისის გაწევისას (მუხ. 6(1)(b) GDPR). თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩართოთ ან გამორთოთ სერვისი.

Volvo Cars შეინახავს მონაცემებს მანამ, სანამ გამოწერა აქტიური იქნება. როგორც კი გამოწერა არააქტიური გახდება, VIN, სიჩქარე და მდებარეობა შეინახება მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში, თუ არ არის საჭირო უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენახვა მოქმედი ადგილობრივი კანონის შესაბამისად.

2.1.5. ხმოვანი მიმოწერა

ხმოვანი მიმოწერა მანქანის ისეთი მოდელების ფუნქციაა, რომლებიც არ არის აღჭურვილი Android Automotive სისტემით – ამ უახლეს მანქანებს არ აქვთ ხმოვანი მიმოწერის სერვისი, რომელსაც Volvo Cars უზრუნველყოფს, მაგრამ მათში შესაძლებელია Google Assistant-ის გააქტიურება. ხმოვანი მიმოწერა ხმოვანი ბრძანებების უფრო მსხვილი სისტემის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მართოთ საინფორმაციო-გასართობი სისტემის ფუნქციები და შექმნათ და გაგზავნოთ SMS შეტყობინებები ხმოვანი ინსტრუქციების გაცემით. ხმოვანი მიმოწერის სერვისს უზრუნველყოფს მესამე მხარის სერვისის პროვაიდერი და ამიტომ ამგვარი დამუშავება ავტომობილში შეუძლებელია. ხმოვანი ბრძანებებით დიალოგის ინიცირებისთვის, პირველ რიგში, უნდა გაააქტიუროთ ეს ფუნქცია. ხმოვანი მართვა გააქტიურებული დარჩება, სანამ მას განზრახ არ გათიშავთ ან სანამ უპასუხოდ არ დატოვებთ სისტემის სამ მოთხოვნას.

შემდეგი მონაცემები მუშავდება, როცა იყენებთ ხმოვანი მართვის სისტემას:

  • ჩაწერილი ხმოვანი მონაცემები ან ბრძანებები
  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – VIN გამოიყენება იმის შესამოწმებლად, რომ თქვენს ავტომობილს აქვს ამ სერვისის გამოწერა
  • ტელეფონის ნომერი
  • ტექსტური შეტყობინება – მესამე მხარის სერვისის პროვაიდერის მიერ შექმნილი ტექსტური შეტყობინება ინახება ღრუბლოვან საცავში და უკან იგზავნება და შეინახება თქვენს ავტომობილში. ტექსტური შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია SMS-ის სახით.

თქვენი მონაცემების დამუშავება საჭიროა ხმოვანი მართვის სისტემის და დაკავშირებული სერვისების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად, თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად (მუხ. 6 (1)(b) GDPR). თუ არ მოგვაწვდით თქვენს მონაცემებს, ხმოვანი მართვის სისტემის გამოყენება შეუძლებელი იქნება.

ჩაწერილი ხმოვანი მონაცემები გაუზიარდება მესამე მხარის სერვისის პროვაიდერს თქვენთვის სერვისის მოსაწოდებლად. შედეგად მიღებულ ტექსტურ შეტყობინებას მესამე მხარის სერვისის პროვაიდერი ჩვენს გაგვიზიარებს და შემდეგ ის თქვენს ავტომობილში გადაიცემა. მესამე მხარის სერვისის პროვაიდერი ამ მონაცემების ცალკე მაკონტროლებელია.

2.2. დამუშავება ავარიის შემთხვევაში

ინციდენტის ან ავარიის (მსგავსი) შემთხვევაში პერსონალური მონაცემები დამუშავდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემდეგი მიზნებით:

2.2.1. უსაფრთხოების მონაცემთა აქტიური ჩამწერი (ASDR)

„უსაფრთხოების მონაცემთა აქტიური ჩამწერის“ (ASDR) ძირითადი მიზანია ჩაწეროს ავტოსაგზაო შემთხვევებთან ან შეჯახების მსგავს სიტუაციებთან დაკავშირებული მონაცემები. ეს ინფორმაცია დამუშავდება ჩვენი კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ, რათა უკეთ გავაანალიზოთ ის გარემოებები, რომლებშიც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სხეულის და სხვა სახის დაზიანება.

თუ ჩართავთ ამ სერვისს, Volvo Cars-ის მიერ შეგროვდება და დამუშავდება შემდეგი სახის მონაცემები შემდგომი განვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტიური საჩივრების მიზნებისთვის:

  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
  • გააქტიურებული უსაფრთხოების მოვლენის ტიპი და შემთხვევები;
  • წინა კამერით გამოსახულებების გადაღება ხდება 4 წამის განმავლობაში შეჯახების მსგავს სიტუაციამდე და მის შემდეგ;
  • ავტომობილის მდებარეობა ინციდენტის დროს.

ეს ფუნქცია იწერს მონაცემებს მხოლოდ შეჯახების განსაკუთრებულ სიტუაციაში. ის არ იწერს მონაცემებს მართვის ნორმალურ პირობებში.

ჩვენ ვაგროვებთ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე (მუხ. 6(1)(a) GDPR) და ვინახავთ მათ 10 წლის განმავლობაში, სანამ წავშლით ან მოვახდენთ მის ანონიმიზებას.

2.2.2. მოვლენების მონაცემთა ჩამწერი (EDR)

ავტომობილი ინახავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება შეჯახებას ან შეჯახების მსგავს სიტუაციას, მოვლენების მონაცემთა ჩამწერში (EDR) – რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „შავი ყუთი“. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციას მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა:

  • როგორ მუშაობდა სხვადასხვა სისტემა თქვენს ავტომობილში;
  • შეკრული იყო თუ არა მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ღვედები;
  • რა მანძილზე დააჭირა მძღოლმა (თუ დააჭირა) აქსელერატორის და/ან მუხრუჭის სატერფულს და
  • რამდენად სწრაფად მოძრაობდა მანქანა.

როგორც წესი, იწერება 30 წამამდე პერიოდი. მონაცემების ჩაწერა ხდება მხოლოდ შეჯახების განსაკუთრებულ სიტუაციაში. მართვის ნორმალურ პირობებში მონაცემები არ იწერება. გარდა ამისა, არ იწერება მონაცემები იმის შესახებ, თუ ვინ მართავს მანქანას, ასევე არ იწერება შეჯახების (მსგავსი) გეოგრაფიული მდებარეობა.

ჩაწერილი მონაცემები ასევე საჭიროა იმისათვის, რომ Volvo Cars-მა დააკმაყოფილოს კანონებში ან სამთავრობო ორგანოების მიერ მითითებული სამართლებრივი მოთხოვნები (მუხ. 6(1)(c) GDPR). შესაბამისად, პერსონალური მონაცემების წარმოდგენა მოითხოვება კანონით.

2.2.3. საგანგებო ზარი (eCall)

საგანგებო ზარი (eCall) სავალდებულო სერვისია, რომლითაც აღჭურვილია ყველა ის თანამედროვე მანქანა, რომელიც იყიდება ევროპის ეკონომიკურ ზონაში. eCall გულისხმობს საგანგებო ზარის ავტომატურად განხორციელებას მძიმე ინციდენტის შემთხვევაში, რომელსაც სისტემა დაადგენს ავტომობილში ერთი ან რამდენიმე სენსორის გააქტიურებისას; ეს ნიშნავს, რომ საგანგებო ზარი eCall ავტომატურად განხორციელდება მანქანის მიერ მაშინაც კი, თუ მანქანის ყველა მგზავრი უგონო მდგომარეობაშია და ქვემოთ მოცემული მონაცემები ავტომატურად გადაიცემა შესაბამის სატელეფონო ცენტრში. ამ ფუნქციის გააქტიურება ხელითაც შეიძლება, SOS ღილაკის დაჭერით და დაყოვნებით სულ მცირე 2 წამის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამის გაკეთება არ არის რეკომენდებული, თუ არ ხართ საგანგებო სიტუაციაში. ამ ფუნქციის ბოროტად გამოყენება ისჯება მოქმედი კანონით.

საგანგებო ზარის განხორციელებისას მუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
  • ავტომობილის ძალური დანადგარის ან ძრავის მახასიათებლები;
  • ავტომობილის მოდელის მახასიათებლები;
  • ინციდენტის დრო;
  • ინციდენტის მდებარეობა;
  • ავტომობილის მოძრაობის მიმართულება.

ნაგულისხმევად, „eCall“ სერვისი Volvo ავტომობილებში მარშრუტიზირდება მესამე მხარის სერვისის პროვაიდერთან (ე.წ. მესამე მხარის სერვისი eCall ან TPS eCall); ეს მომწოდებელი განსხვავდება რეგიონის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოახდინოთ ზარის მარშრუტიზირება საგანგებო სიტუაციების საჯარო სამსახურში – 112-ში, თქვენი მანქანის პარამეტრების შესაბამისად შეცვლით.

მონაცემები გროვდება მხოლოდ საგანებო ზარის (eCall) განხორციელებისას და მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ Volvo Cars-ს და სერვისის მომწოდებელ მესამე მხარეს (ან, არჩევის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურს). თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გადაგზავნონ ეს მონაცემები საგანგებო სიტუაციების სპეციალიზირებულ სამსახურებში (მაგალითად, სასწრაფო დახმარების სამსახურში).

ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს მძღოლის და მანქანის მგზავრების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინტერესების დასაცავად (მუხ. 6(1)(d) GDPR), ასევე სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე (მუხ. 6(1)(c) GDPR)

პერსონალური მონაცემები შეინახება 90 დღის განმავლობაში და მათი დამუშავება მოხდება მხოლოდ ზემოთ აღწერილ საგანგებო სიტუაციებში.

2.2.4. დახმარება გზაზე

გზაზე დახმარების ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ საბურავის დაშვების, მანქანის მწყობრიდან გამოსვლის ან ავტოსაგზაო შემთხვევაში. მანქანაში On Call შავი ღილაკის გააქტიურებით ან Volvo Cars აპში (ყოფილი Volvo on Call აპი) კონტაქტის ფუნქციის გამოყენებით მანქანა განახორციელებს ზარს გზაზე დახმარების სამსახურში. ამ სერვისის მოწოდება ხდება მხოლოდ გამოწერით. გზაზე დახმარების სამსახური გამოუგზავნის შესაბამის დამხმარე ჯგუფს ავტომობილის მძღოლს, როცა მას დახმარება დასჭირდება, მაგალითად, გამოგზავნის ევაკუატორს.

გზაზე დახმარების სერვისის მოწოდება ხდება სადაზღვევო კომპანიებთან პარტნიორობით, რომლებიც განსხვავდება ქვეყნის მიხედვით – დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. ეს სადაზღვევო კომპანიები მართავენ სატელეფონო ცენტრს, რომელიც ემსახურება თქვენს მანქანას.

თქვენთვის სერვისის მოსაწოდებლად ჩვენ მიერ დამუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
  • ავტომობილის ძალური დანადგარის ან ძრავის მახასიათებლები;
  • ავტომობილის მოდელის მახასიათებლები;
  • ზარის დრო;
  • მდებარეობა ზარის მომენტში;
  • ავტომობილის მოძრაობის მიმართულება.

მონაცემები ავტომატურად გროვდება, მაგრამ მხოლოდ გზაზე დახმარების მოთხოვნისას. ამ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ Volvo Cars-ს და სერვისის მომწოდებელ მესამე მხარეს, მაგრამ უკანასკნელი გადაგზავნის ამ მონაცემების ნაწილს სპეციალიზირებულ სამსახურებში, რომლებსაც მოითხოვთ (მაგალითად, საევაკუატორო სამსახურში).

ჩვენ დავამუშავებთ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს თქვენთვის გზაზე დახმარების სერვისის გაწევისას (მუხ.  6(1)(b) GDPR). ჩვენ დავამუშავებთ მონაცემებს 8 წლის განმავლობაში, გეოლოკაციის მონაცემების გარდა, რომლებიც 90 დღის შემდეგ წაიშლება.

2.3. ტექნიკურ მომსახურებასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება

2.3.1. სერვისის დაგეგმვა

სერვისის დაგეგმვის ფუნქცია დამატებით შესაკვეთი სერვისია, რომელიც გეხმარებათ შეინარჩუნოთ მანქანა საუკეთესო მდგომარეობაში და დაიცვათ ავტომობილის გარანტიის პირობები სახელოსნოში ვიზიტების დაგეგმვის შესახებ შეხსენებით. მაგალითად, სერვისის დაგეგმვის ფუნქციამ შესაძლოა შეგახსენოთ გარკვეული ფილტრების შეცვლის საჭიროების შესახებ რეკომენდებული ფიქსირებული ვადის დადგომამდე ან მის შემდეგ, თუ სახეზეა ფაქტობრივი ცვეთა და ფილტრები შეცვლას საჭიროებს. სერვისის დაგეგმვა მუშაობს ავტომობილის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული გარკვეული მონაცემების მუდმივი შეგროვებით და გაანალიზებით. ის გაფრთხილებთ ავტომობილების პრობლემების ადრეული ნიშნების შესახებ და გეხმარებათ შეადგინოთ ტექნიკური მომსახურების პროგრამა სახელოსნოში ვიზიტამდე. სერვისის დაგეგმვის ფუნქცია ასევე გვეხმარება დავგეგმოთ სათადარიგო ნაწილების წარმოება და თქვენთვის მოწოდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და თქვენთვის პრემიუმ მომსახურების და შეკეთების სერვისის უზრუნველსაყოფად მისი შემადგენელი ნაწილის, ლოჯისტიკისა და სახელოსნოს გამოყენების ოპტიმიზაციის გზით.

თქვენთვის სერვისის დაგეგმვის ფუნქციის მოსაწოდებლად შეგროვდება შემდეგი მონაცემები:

  • მონაცემები ავტომობილის შესახებ – სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიები;
  • სტატუსი და სტატისტიკა კომპონენტებიდან (ძრავა, დროსელი, საჭე, მაღალი ძაბვის აკუმულატორები, მუხრუჭები და ა.შ.);
  • ავტომობილის მართვის მონაცემები (გავლილი მანძილი, ძრავის მუშაობის საათები, მართვის პირობები – ქალაქში, ავტომაგისტრალზე და ა.შ.).

ჩვენ დავამუშავებთ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს თქვენთვის სერვისის გაწევისას (მუხ.  6(1)(b) GDPR). თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩართოთ ან გამორთოთ სერვისი.

მონაცემებს გავუზიარებთ ჩვენს გაყიდვების ეროვნულ კომპანიას თქვენს ქვეყანაში, მოწოდებების და ჯავშნების სამართავად და თქვენთვის სპეციალური შემოთავაზებების შესამუშავებლად (გაითვალისწინეთ, რომ სპეციალურ შემოთავაზებებს მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე ცალკე თანხმობას განაცხადებთ). სერვისის დაგეგმვით არ მოხდება პირდაპირ ჯავშნების გაფორმება, შესაბამისად, ეს მონაცემები სახელოსნოს არ გაუზიარდება.

ჩვენ შევინახავთ მანქანის მაღალი ძაბვის აკუმულატორთან და VIN-თან დაკავშირებულ მონაცემებს 10 წლის განმავლობაში, რათა თვალი ვადევნოთ აკუმულატორის მდგომარეობას. დანარჩენი მონაცემები შეინახება 3 წლის განმავლობაში.

2.3.2. სერვისის დაჯავშნა ინტერნეტით

შეგიძლიათ პირდაპირ ავტომობილიდან სახელოსნოში გაგზავნოთ დაჯავშნის მოთხოვნა, რათა დაჯავშნოთ ვიზიტი თქვენი მანქანის ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთებისთვის. ამ სერვისით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ Volvo ID-ს შექმნა და მისი ავტომობილისთვის დარეგისტრირება, ასევე ავტომობილის დაკავშირება ინტერნეტთან. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები თქვენ მიერ Volvo ID-ს შექმნისას, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

დაკავშირებული სერვისის დაჯავშნის სერვისი Volvo Cars აპში ხელმისაწვდომი ციფრული სერვისის დაჯავშნის სერვისის მსგავსია. Volvo Cars, Volvo-ს გაყიდვების ეროვნული კომპანია ან იმპორტიორი თქვენს ქვეყანაში, ასევე სერვისის გამწევი საცალო გამყიდველი ერთად ახდენენ ამ სერვისის ორგანიზებას, შესაბამისად, წარმოადგენენ ამ მონაცემების ერთობლივ მაკონტროლებლებს. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თქვენთვის ინფორმაციის მომწოდებელი არის Volvo Cars და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები Volvo Cars-ის მიმართ (იხილეთ ნაწილი 3 – თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით).

დაჯავშნის მოთხოვნის გამოგზავნისას მუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • თქვენი იდენტიფიკატორები (Volvo ID, ელფოსტის მისამართი, სახელი და გვარი)
  • სასურველ სერვისთან დაკავშირებული მონაცემები (სერვისის ტიპი, თარიღი და დრო, შეტყობინების ველში შეყვანილი თქვენი შეტყობინება სახელოსნოსთვის)
  • არჩეულ სახელოსნოსთან დაკავშირებული მონაცემები (როგორიცაა სახელი, მისამართი)
  • მოთხოვნილი სერვისის მიხედვით, ავტომობილის იდენტობა, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია, დიაგნოსტიკური კოდები, სერვისის მოთხოვნები, ბოლო სერვისის შემდეგ გასული დრო, სითხეების დონე, ოდომეტრის მაჩვენებელი, ასევე თქვენ მიერ ჯავშნის მიზნის აღწერა (ასეთის არსებობისას).

ეს მონაცემები გაუზიარდება ჩვენი გაყიდვების ეროვნულ კომპანიას თქვენს ქვეყანაში და არჩეულ საცალო გამყიდველს (რომელიც შეიძლება იყოს სერვისის/შემკეთებელი საამქრო, ძარის სამღებრო საამქრო, მანქანის აღდგენის და ავტომობილის ლოჯისტიკის სამსახური).

მონაცემები გამოყენებული იქნება სერვისის დასაჯავშნად, პროცესის ორგანიზებისთვის, თქვენთან კომუნიკაციის მიზნით დაჯავშნილ სერვისთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ან უშუალოდ სერვისით სარგებლობის შედეგად, მაგალითად, თქვენთვის დასტურების და შეტყობინებების გამოსაგზავნად. ეს მონაცემები მუშავდება თქვენ მიერ მოთხოვნილი დაჯავშნის განსახორციელებლად (ანუ, ამგვარი მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულება (GDPR, მუხლი 6.1. b)).

ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს 15 თვის განმავლობაში, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Volvo-ს სერვისის პარტნიორს – საცალო გამყიდველს, რომელიც გაწვდით სერვისს, გააჩნია სხვადასხვა ვალდებულებები შენახვის ვადებთან და დოკუმენტირებასთან დაკავშირებით და მას შეიძლება ასევე კანონით დაევალოს პერსონალური მონაცემების გადაცემა უფლებამოსილი ორგანოებისთვის ((მუხ. 6.1 c) GDPR). ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სერვისის პარტნიორის კონფიდენციალურობის დებულებაში.

2.3.3. დიაგნოსტიკური მონაცემების წაკითხვა სახელოსნოებში

თუ თქვენი ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებას ან შეკეთებას ასრულებს ჩვენი ერთ-ერთი ავტორიზებული სერვისცენტრი ან პარტნიორი, თქვენი ავტომობილი ამ მიზნით უკავშირდება გაყიდვის შემდეგომ ავტომობილის საინფორმაციო დიაგნოსტიკის სისტემას („VIDA“) და ჩვენ მიერ გროვდება შემდეგი ინფორმაცია პრობლემის შესახებ:

  • დიაგნოზი;
  • გაუმართაობის კოდები;
  • მონაცემები ავტომობილის შესახებ (VIN, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია) და ავტომობილის მდგომარეობა.

ეს მონაცემები სუფთა ტექნიკური ხასიათისაა და ჩვენ ვამუშავებთ მათ ჩვენი მანქანების ხარისხის გასაკონტროლებლად და ჩვენი პროდუქტების მწარმოებლის ვალდებულებების სამართავად, პროდუქტების განვითარების და უსაფრთხოების გაკონტროლების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში). ეს მონაცემები შეინახება ავტომობილის ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში.

ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს ჩვენი კანონიერი ინტერესებისთვის, რომლებიც ნახსენებია ზემოთ (მუხ. 6(1)(f) GDPR) და საჭიროების შემთხვევაში, ასევე სამართლებრივი და სხვა ოფიციალური მოთხოვნების შესასრულებლად, როგორიცაა უკან გაწვევა უსაფრთხოების მიზეზით (მუხ. 6(1)(c) GDPR).

2.3.4. ანგარიში შეცდომების შესახებ

ამ ფუნქციის დახმარებით Volvo Cars აგროვებს ანგარიშებს პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომების შესახებ. მონაცემები შეგროვდება, როცა ეწვევით Volvo-ს ავტორიზებულ სახელოსნოს ან სერვისის პარტნიორს. ამ ანგარიშის საშუალებით ჩვენ ვქმნით შესაბამისი შეცდომების გამოსწორების საშუალებებს ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის საუკეთესო მდგომარეობის შესანარჩუნებლად. შემდეგ ანგარიში Volvo Cars-ის მიერ მუშავდება კომპანიის ფარგლებში, შეცდომების გავლენის უკეთ გასაანალიზებლად.

ამ ფუნქციის ჩართვის შემთხვევაში Volvo Cars-ის მიერ შეგროვდება და დამუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
  • ძრავის გაშვების დიაგნოსტიკა
  • ავტომობილის კონფიგურაცია
  • მთავარი ბლოკის ლოკალური კონფიგურაცია
  • Android Automotive-ის დიაგნოსტიკა
  • ავტომობილის ქსელის დიაგნოსტიკა
  • პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიები
  • დეველოპერებისთვის განკუთვნილი ანგარიშები და ჟურნალის ფაილები

ჩვენ დავამუშავებთ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს, თუ დათანხმდებით ამაზე (მუხ. 6(1)(a) GDPR). ზემოთ აღნიშნული მონაცემების დამუშავებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ჩვენ წავშლით თქვენს მონაცემებს ჩვენი სერვერიდან ან მოვახდენთ მათ ანონიმიზებას.

2.4. მესამე მხარის აპები

მანქანის ახალი მოდელების საინფორმაციო-გასართობი სისტემა მუშაობს ოპერაციულ სისტემაში Google Android Automotive. ამ მხრივ, Google წარმოადგენს დამოუკიდებელ მაკონტროლებელს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

მესამე მხარის აპებს, რომლებსაც ჩამოტვირთავთ მანქანაში PlayStore-იდან, ასევე გთავაზობენ დამოუკიდებელი მაკონტროლებლები, სმარტფონის მსგავსად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინდივიდუალური სერვისის პროვაიდერების საკუთარი წესები და პირობები და კონფიდენციალურობის დებულებები.

2.5. სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნები

ჩვენ რეგულარულად ვიღებთ მოთხოვნებს სამართალდამცავი ორგანოებიდან (პოლიციიდან, საბაჟოდან და ა.შ.) ჩვენს მანქანებთან დაკავშირებული გარკვეული ტიპის მონაცემების წარმოსადგენად. ზოგადად, ჩვენ ვუზიარებთ მათ პერსონალურ მონაცემებს, მხოლოდ როცა ეს მოითხოვება კანონით (მუხ. 6(1)(c) GDPR). ჩვენ გადავცემთ მათ ტექნიკური ხასიათის მონაცემებს, რომლებიც არ ავლენენ კავშირს კონკრეტულ პირთან (მაგ., VIN ნომერთან დაკავშირებული მანქანის ნაწილის სერიული ნომერი, VIN ნომრის სერვისის ისტორია და ა.შ.).

როცა მივიღებთ მოთხოვნას სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომელიც პერსონალურ მონაცემებს მოიცავს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი მონაცემების წარდგენის სამართლებრივი ვალდებულება, ჩვენ შევაფასებთ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობას და პროპორციულობას და შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის შესახებ (მუხ. 6(1)(f) GDPR).

ჩვენ ვინახავთ მიღებული მოთხოვნების და წარდგენილი პასუხების ჩანაწერებს წარდგენილი ფაქტობრივი მონაცემების გარეშე (როცა საჭიროა), თუმცა ეს არ წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამატებით დამუშავებას.

3. თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

როგორც მონაცემთა სუბიექტს, თქვენ გაქვთ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტით მონიჭებული გარკვეული კანონიერი უფლებები ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ეს უფლებები მოკლედ განმარტებულია ქვემოთ და თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ისინი ქვემოთ მითითებული სპეციალური ფორმის შევსებით.

  1. თანხმობის გაუქმების უფლება: თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ამ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მონაცემების შემდგომი დამუშავების მიმართ.
  2. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება: შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ. ჩვენ თქვენი მოთხოვნით წარმოგიდგენთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლს. თუ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამატებით ასლებს, ჩვენ შეგვიძლია გადაგახდევინოთ გონივრული გადასახადი ადმინისტრაციული ხარჯების საფუძველზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლებსაც ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემისას ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში, თუ მოითხოვთ ჩვენ მიერ იმის დადასტურებას, ვამუშავებთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გადავცემთ თუ არა მათ ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში.
  3. შესწორების უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი არასწორი ან არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება. ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს იმისათვის, რომ ჩვენს მფლობელობაში ან ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც უწყვეტად გამოიყენება, იყოს ზუსტი, სრული, აქტუალური და რელევანტური, ჩვენთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაციის საფუძველზე.
  4. შეზღუდვის უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, თუ:
    1. თქვენ დააყენებთ თქვენი პერსონალური მონაცემების სიზუსტის საკითხს, იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა სიზუსტის გადასამოწმებლად,
    2. დამუშავება უკანონოა და თქვენ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვას წაშლის ნაცვლად,
    3. ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნით, მაგრამ თქვენ ისინი გჭირდებათ სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად, ან
    4. თქვენ გააპროტესტებთ დამუშავებას, ხოლო ჩვენ შევამოწმებთ, ენიჭება თუ არა უპირატესობა ჩვენს სამართლებრივ საფუძველს თქვენს სამართლებრივ საფუძველთან შედარებით.
  5. პორტატიულობის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგინეთ და, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ (თქვენ მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი) თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის, თუ:
    1. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ავტომატიზებული საშუალებებით;
    2. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი თანხმობის საფუძველზე ხდება, ან ჩვენი მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა იმ ხელშეკრულების გასაფორმებლად ან შესასრულებლად, რომლის მხარესაც წარმოადგენთ;
    3. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენთვის წარმოდგენილია თქვენ მიერ; და
    4. თქვენი პორტატიულობის უფლება არ ლახავს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებული, გავრცელებული და მანქანით წაკითხვადი ფორმატით.
    • თქვენი პერსონალური მონაცემების მიღების უფლება არ უნდა ლახავდეს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენგან სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემის უფლება წარმოადგენს უფლებას, რომელიც თქვენ გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა ტექნიკურად შესაძლებელია.
  6. წაშლის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ ეს მოთხოვნა, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენ მიერ, თუ დამუშავება არ არის საჭირო შემდეგისთვის:
    1. გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის გავრცელების უფლების განსახორციელებლად:
    2. სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც საჭიროებს მონაცემების დამუშავებას ევროკავშირის ან წევრი სახელმწიფოს ისეთი კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენზე ვრცელდება;
    3. საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ მიზნების მისაღწევად, სამეცნიერო, კვლევითი ან სტატისტიკური მიზნებისთვის; ან
    4. სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად.
  7. შედავების უფლება: თქვენ შეგიძლიათ – ნებისმიერ დროს – გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იმ პირობით, რომ დამუშავება არ ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, არამედ ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების გამო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ არ წარმოვადგენთ საკმარის სამართლებრივ საფუძველს და უპირატესი ძალის მქონე ინტერესს მონაცემების დასამუშავებლად ან სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად. თუ თქვენ გააპროტესტებთ მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ, გსურთ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ შევზღუდავთ მათ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს და მიზეზის მიუხედავად გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით (რაც მოიცავს პროფილირებას ასეთ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული მასშტაბით), თუ ასეთი დამუშავება ხდებოდა ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე. თუ მარკეტინგი ხორციელდებოდა თქვენი თანხმობის საფუძველზე, შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა (იხილეთ ზემოთ).
  8. საჩივრის შეტანის უფლება: თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი თქვენს მონაცემთა დაცვის ადგილობრივ საზედამხედველო ორგანოში ან ნებისმიერ სხვა მონაცემთა დაცვის ორგანოში ევროკავშირში. თუმცა ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ პირველ რიგში ჩვენ დაგვიკავშირდებით იმისათვის, რომ ვცადოთ თქვენი პრობლემის მოგვარება – ჩვენი საკონტაქტო მონაცემები მოცემულია ქვემოთ.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები ჩვენ მიმართ ამ ფორმის შევსებით, რაც დაგვეხმარება თქვენი მოთხოვნის სათანადოდ განხილვაში. ონლაინ ფორმა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება თქვენი ვინაობის შესამოწმებლად და თქვენი მოთხოვნის განსახილველად. ტელეფონით ან ელფოსტით გამოგზავნილი მოთხოვნებისთვის საჭირო იქნება საკმარისი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ იმის გონივრულად შემოწმებას, რომ თქვენ ხართ ის პირი, რომლის პერსონალური მონაცემები შევაგროვეთ, ასევე საჭირო იქნება თქვენი მოთხოვნის საკმარისად დეტალურად აღწერა იმისათვის, რომ შევძლოთ მისი სათანადოდ შეფასება და მასზე რეაგირება. თუ ჩვენ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ვერ მოვახერხებთ თქვენი ვინაობის იდენტიფიცირებას წვდომის და წაშლის მოთხოვნებისთვის, შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ეს უფლებები ამ შეტყობინებაში ყველა ერთობლივად მოხსენიებული მაკონტროლებლის მიმართ.

4. საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, იხილოთ ზემოთ მოცემული ნაწილი 3. თუ გაქვთ სხვა კითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

კომპანია: Volvo Car Corporation

საფოსტო მისამართი: Volvo Car Corporation, Assar Gabrielssons Väg, SE-405 31 Gothenburg, Sweden (შვედეთი)

ელფოსტის მისამართი:

ვებსაიტი: https://www.volvocars.com/intl/support/contact

5. ამ შეტყობინების ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ ჩვენი კონფიდენციალურობის წესები და შევიტანოთ განახლებები ამ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ. თუ ამ შეტყობინებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ, განსაკუთრებით, თუ ეს შეტყობინება თქვენს თანხმობას ეფუძნება, ჩვენ გაცნობებთ ასეთი ცვლილებების შესახებ. ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ აქტუალურია თარიღისთვის, რომელიც მითითებულია დოკუმენტის თავში.