Article version 2021.186.0

შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ – Volvo Cars აპი

ძალაში შესვლის თარიღი:

გამოქვეყნებულია:

წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ ამუშავებენ Volvo Cars (როგორც განსაზღვრულია ქვემოთ) და ზოგჯერ სხვა პირები თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც სარგებლობთ Volvo Cars-ის მობილური აპლიკაციით (შემდგომში „Volvo Cars აპი“), რომელიც უზრუნველყოფს Volvo ავტომობილთან კავშირზე ყოფნას.

Volvo Cars აპს გააჩნია რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როგორც განმარტებულია ქვემოთ. თქვენი ბაზრის და გამოწერის ტიპის მიხედვით, შესაძლებელია ამ ფუნქციების დაჯგუფება შემდეგნაირად:

  • Volvo Cars-ის სერვისები – მოიცავს შემდეგ ქვემოთ მოცემულ ნაწილებში ჩამოთვლილ ასპექტებს: 2.1 (Volvo Cars-ის დისტანციური საავტომობილო სერვისები), 2.2 (ავტომობილის მართვის ჟურნალი), 2.3 (სტუმართან ქარშერინგის ფუნქციონალობა), 2.4 (აპის ანალიტიკა), 2.5 (კვლევა და განვითარება), 2.6 (თქვენი Volvo Cars აპის გამოწერა).

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:

  1. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე;
  2. რა ტიპის პერსონალური მონაცემები, რისთვის და რამდენი ხნით გროვდება;
  3. როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება;
  4. თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
  5. საკონტაქტო ინფორმაცია;
  6. კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ცვლილებები.

1. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

პასუხისმგებლობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე Volvo Cars აპში განაწილებულია შემდეგნაირად:

  • Volvo Cars-ის დისტანციურ საავტომობილო სერვისებთან, ავტომობილის მართვის ჟურნალთან, სტუმართან ქარშერინგის ფუნქციონალობასთან, აპის ანალიტიკასთან და კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების ძირითად დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია Volvo Car Corporation, რომლის რეგისტრირებული მისამართია Assar Gabrielssons Väg, SE-405 31, Gothenburg, Sweden, კომპანიის რეგისტრაციის ნომერი: 556074-3089, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Volvo Cars“.

2. რა ტიპის პერსონალური მონაცემები, რისთვის და რამდენი ხნით გროვდება

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, Volvo Cars აპს გააჩნია რამდენიმე სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია თქვენი მანქანის მოდელსა და კონკრეტულ ბაზარზე – ქვემოთ აღწერილი ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა მიუწვდომელი იყოს თქვენთვის.

2.1. Volvo Cars-ის დისტანციური საავტომობილო სერვისები

ჩვენ ვაგროვებთ იდენტიფიკატორებს (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, Volvo ID (ელფოსტის მისამართი), სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი – „VIN“, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი და push შეტყობინების მარკერი) და შესყიდვის ისტორიას (მფლობელობის პერიოდი, გამოწერის სერვისები, რომლებშიც ჩართული ხართ, თქვენი ავტომობილის მოდელი და წელი და ავტომობილის შესაბამისი მახასიათებლები).

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას Volvo Cars-ის დისტანციური საავტომობილო სერვისების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა თქვენი ავტომობილის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა (მაგ., წინასწარი კლიმატიზაცია, კარების დაკეტვა/გახსნა, ძრავის დისტანციური ამუშავება/გაჩერება, ამჟამინდელი გარე ტემპერატურა, მოპარვის მცდელობების შესახებ შეტყობინებების მიღება), ავტომობილის სტატუსის ნახვა (მაგ., საწვავის დონე, საქარე მინის მინასაწმენდი სითხის დონე, სამუხრუჭო სითხის დონეები, კარის დაკეტვის სტატუსი, საბურავის წნევა ან გაფრთხილებები ტექნიკური მომსახურების შესახებ, აკუმულატორის სტატუსი ან ავტომობილის სტატუსის სხვა ინდიკატორები).

ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ ინფორმაციას Volvo Cars აპში მოახლოებული ტექნიკური მომსახურების შესახებ push შეტყობინებებისა და სერვისის ჩატარების თაობაზე შეხსენებების გამოსაგზავნად. ჰიბრიდული და სრულად ელექტრული ავტომობილების შემთხვევაში ჩვენ ვინახავთ მათი დამუხტვის ლოკაციებს იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ დამუხტვის დაგეგმვის მოსახერხებელი საშუალება. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ავტომობილის ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე, თქვენგან ნებართვის მიღების შემთხვევაში, თქვენი მობილური მოწყობილობის ადგილმდებარეობის შესახებ, რათა გამოიყენოთ რუკის ფუნქციონალობები Volvo Cars აპში და რუკაზე იხილოთ თქვენი პოზიცია Volvo-ს მიმართ.

თუ ჩვენ სპეციალურად არ მოგთხოვთ თანხმობას მონაცემების დამუშავებაზე, ჩვენ მიერ ასეთი მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება (მუხ. 6.1. (b) GDPR).

თუ თქვენი მობილურის პარამეტრებიდან მოგვცემთ წვდომას თქვენი მდებარეობის მონაცემებზე, კალენდარსა და კონტაქტებზე, ჩვენ დავამუშავებთ ამ მონაცემებს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი ტელეფონიდან ავტომობილში თქვენთვის საინტერესო ადგილების ლოკაციის გაგზავნის შესაძლებლობა თქვენი კონტაქტების სიის, კალენდრის მოვლენების ან ძიების შედეგების საფუძველზე. ასეთი დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა (GDPR, მუხლი 6.1.(a)).

თქვენი Volvo Cars-ის გამოწერის დასრულებისას ამ სერვისზე მიბმული დეტალები, მათ შორის თქვენი პერსონალური ინფორმაცია, წაიშლება ოთხმოცდაათი (90) დღის გასვლის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილს მოჰყვება Volvo Cars-ის გამოწერა, შესაბამისად, მფლობელის შეცვლის შემთხვევაში თქვენ, როგორც გამყიდველს გეკისრებათ პასუხისმგებლობა გააუქმოთ ავტომობილის კავშირი აპთან და წაშალოთ თქვენი მონაცემები. ეს ასევე ვრცელდება რეგისტრირებულ ძირითად მძღოლზე მანქანის გაქირავების შემთხვევაში. ინსტრუქციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.

2.2. ავტომობილის მართვის ჟურნალი

Volvo Cars აპი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ავტომობილის მართვის ჟურნალის წარმოება. ეს შესაძლოა სასარგებლო იყოს, მაგალითად, გარბენის აღრიცხვისთვის. ავტომობილის მართვის ჟურნალი უნდა გააქტიურდეს თქვენ მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არააქტიური დარჩება და მონაცემები არ შეგროვდება.

ავტომობილის მართვის ჟურნალის გააქტიურების შემთხვევაში ჩვენ შევაგროვებთ თქვენს იდენტიფიკატორებს (როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი და VIN) და ავტომობილის ტელემატიკის მეშვეობით ავტომატურად შევაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ავტომობილის ადგილმდებარეობის შესახებ (პერიოდულად ან უწყვეტად, მანქანის ტიპიდან გამომდინარე, როგორც აღწერილია ქვემოთ) თითოეული მგზავრობის იდენტიფიცირებისთვის, ასევე შევაგროვებთ მგზავრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (დრო, მანძილი, საწვავის და/ან ელექტროენერგიის მოხმარება, ელექტრობის გენერირება, თუ ჰიბრიდია) და ინფორმაციას გარბენის შესახებ. ბენზინის და დიზელის მანქანების შემთხვევაში ავტომობილის მართვის ჟურნალი შეიცავს მხოლოდ დაწყების და დასრულების პოზიციებს ავტომობილის მართვის თითოეული ციკლისთვის. თუმცა, თუ გაქვთ ჰიბრიდული/ორმაგი ძრავის მოდელი, ავტომობილის მართვის ჟურნალი ასევე მოიცავს ინფორმაციას თქვენი მარშრუტების შესახებ.

ამ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი თანხმობის საფუძველზე (GDPR, მუხლი 6.1.(a)).

როგორც წესი, ავტომობილის მართვის ჟურნალი ინახება 100 დღის განმავლობაში. განსაკუთრებულ სიტუაციებში, მაგალითად, დამუხტვის ხარჯების ანაზღაურების სერვისის მქონე მანქანების შემთხვევაში, ავტომობილის მართვის ჟურნალი შეინახება 500 დღის განმავლობაში.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოახდინოთ ავტომობილის მართვის ჟურნალის დეაქტივირება და ასეთ შემთხვევაში მონაცემების შეგროვება შეწყდება. თუმცა ეს ავტომატურად არ წაშლის ადრე შეგროვებულ ინფორმაციას.

2.3. სტუმართან ქარშერინგის ფუნქციონალობა

როდესაც იყენებთ სტუმართან ქარშერინგის ფუნქციონალობას, რომელიც ხელმისაწვდომია Volvo Cars აპში, Volvo Cars ამუშავებს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს:

  1. თქვენი და თქვენი სტუმრის Volvo ID-ს იდენტიფიკაციის მიზნით და იმისათვის, რომ შევძლოთ თქვენი ინდივიდუალური პარამეტრების ცალკე შენახვა.
  2. თქვენი და თქვენი სტუმრის მობილური ტელეფონის ნომერს – SMS-ის საშუალებით სტუმრებისთვის მოსაწვევების გასაგზავნად.
  3. ავტომობილის მოდელს, მოდელის გამოშვების წელს, ავტომობილს ფერს, სანომრე ნიშნებს და ადგილმდებარეობას, რათა სტუმარმა უფრო ადვილად შეძლოს ავტომობილის პოვნა.
  4. ავტომობილის კარის ჩაკეტვის სტატუსს კარის გასახსნელად და დასაკეტად და გამოყენების შემდეგ მანქანის კარის დაკეტვის უზრუნველსაყოფად.
  5. ავტომობილის მართვის ჟურნალის მონაცემები (თუ ჩართულია) სტუმრების მგზავრობების შესახებ ხელმისაწვდომია როგორც სტუმრისთვის, ასევე ძირითადი მძღოლისთვის, ავტომობილის მართვის ჟურნალის ყველა მონაცემი ავტომობილისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ძირითადი მძღოლისთვის.

თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულება (მუხ. 6.1. (b) GDPR), ხოლო სტუმრის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი კანონიერი ინტერესი (მუხ. 6.1. (f) GDPR) უზრუნველვყოთ თქვენთვის ქარშერინგის ფუნქციონალობით სარგებლობის შესაძლებლობა.

ჩვენ შევინახავთ ამ პერსონალურ მონაცემებს 1) ძირითადი მძღოლის მიერ სტუმრის სისტემიდან ამოშლამდე, 2) ავტომობილის მართვის ჟურნალის შენახვის წესების შესაბამისად ან 3) გამოწერის დასრულებამდე – გააჩნია, რომელი მოვლენა უფრო ადრე დადგება.

2.4. აპის ანალიტიკა

ჩვენ ვადგენთ, როგორ გამოიყენება ჩვენი აპი, რათა უკეთ შევისწავლოთ მომხმარებლების ქცევა და გავაუმჯობესოთ აპის გამოყენებადობა და საიმედოობა, ასევე გავაანალიზოთ, როგორ გამოიყენება ჩვენი სერვისები და გავაუმჯობესოთ თქვენ მიერ ამ სერვისებით სარგებლობის გამოცდილება. ამას ვახორციელებთ Google Analytics-ის (შეზღუდულ რეჟიმში) გამოყენებით და ჩვენ ვამუშავებთ თქვენი მოწყობილობის ID-ს, მოწყობილობის IP მისამართს (რომლის ფსევდონიმიზება შეგროვებისთანავე მოხდება), Volvo ID-ს და ავტომობილთან კავშირის სტატუსს.

ასეთი მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი კანონიერი ინტერესი ((მუხ. 6.1.f) GDPR) გავაუმჯობესოთ ჩვენი აპისა და ჩვენი სერვისების გამოყენებადობა და ხარისხი.

ეს მონაცემები შეინახება შეგროვებიდან თოთხმეტი (14) თვის განმავლობაში.

2.5. კვლევა და განვითარება

კვლევისა და განვითარების მიზნით, იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესება და როგორი ახალი სერვისები უნდა შევიმუშავოთ, ჩვენ ვიყენებთ მონაცემებზე ორიენტირებულ მიდგომას და შესაბამისი ავტომობილის მონაცემებს (როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)), პროდუქტის მონაცემებს (როგორიცაა Volvo Cars აპის გამოყენების მონაცემები), კლიენტის მონაცემებს (როგორიცაა Volvo ID) და გაყიდვების მონაცემებს (როგორიცაა მომსახურების გამწევი გამყიდველი) ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულების შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად. დამუშავება მოიცავს ფართო მასშტაბის ანალიტიკას, მოდელირებასა და კვლევას, რომლებსაც ატარებენ ჩვენი ანალიტიკოსები და მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები.

ასეთი დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი კანონიერი ინტერესი (GDPR, მუხლი 6.1.(f)). როდესაც ეს შესაძლებელია, ჩვენ ვზღუდავთ ანალიზს ანონიმიზებული ან ფსევდონიმიზებული მონაცემების ფარგლებით. დამუშავება არ მოიცავს რაიმე ავტომატიზებულ გადაწყვეტილებას თქვენთან დაკავშირებით.

ამ მონაცემებს შევინახავთ ათი (10) წლის განმავლობაში.

2.6. თქვენ მიერ Volvo Cars აპის გამოწერა

თუ თქვენ გამოწერილი გაქვთ Volvo Cars-ის დისტანციური საავტომობილო სერვისები, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა განაახლოთ ეს სერვისი Volvo Cars აპში. სერვისის განახლებისას, ასევე თქვენი გამოწერის სამართავად, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს იდენტიფიკატორებს (როგორიცაა სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, VIN) და თქვენი შესყიდვის სტატუსს და ისტორიას. ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვის ადმინისტრირება და მონიტორინგი (შესყიდვის მომენტიდან ადგილზე მოწოდებამდე), მათ შორის ნებისმიერი აუცილებელი კონტაქტის განხორციელება უფლებამოსილ ორგანოებთან ოფიციალური ანგარიშგების მიზნით, შესაბამის სერვისებთან დაკავშირებით თქვენი მოთხოვნის ადმინისტრირება და თქვენ მიერ შეძენილ სერვისებთან დაკავშირებული განახლებების თაობაზე კომუნიკაცია. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის გადახდის სერვისის პროვაიდერს თქვენი გადახდების დასამუშავებლად და მათ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება დამოუკიდებლად ხდება; ჩვენი გადახდების დამმუშავებლის კონფიდენციალურობის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ნაწილში 3.

ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია ის, რომ ასეთი დამუშავება საჭიროა ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად (მუხ. 6.1. (b) GDPR).

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს Volvo Cars-ის გამოწერის დასრულებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, სერვისის გაგრძელების საშუალების უზრუნველსაყოფად, თუ გადაწყვეტთ მის ხელახლა გამოწერას. გარდა ამისა, ჩვენ დავაარქივებთ თქვენს შესყიდვასთან დაკავშირებულ მონაცემებს ათი (10) წლის განმავლობაში ფინანსური ანგარიშგების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად – ეს სამართლებრივი ვალდებულებაა (მუხ. 6.1. (c) GDPR).

3. როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება

Volvo Car Corporation-ის მიერ მონაცემების ზემოაღნიშნული დამუშავება მოიცავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი კატეგორიის მესამე მხარეების მიერ, როდესაც ეს აუცილებელია:

დამუშავება დამმუშავებლების მიერ

Volvo Cars აპის მოწოდების უზრუნველმყოფ დამმუშავებლებს მიეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიები:

  • ღრუბლოვანი დაკავშირებადობის სერვისის პროვაიდერი;
  • მონაცემთა ჰოსტინგი;
  • push შეტყობინებები;
  • ელფოსტის დაგზავნა;
  • ჩატის ფუნქციონალობა და კლიენტთა მომსახურება;
  • Volvo Car-ის შერჩეული საცალო გამყიდველები ციფრული სერვისის დაჯავშნისთვის და Volvo Valet-ისთვის; და
  • გამოწერის ინვოისის დამუშავების პროვაიდერი.

მათ ხელშეკრულებით ეკრძალებათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით, ჩვენთვის მომსახურების გაწევის მიზნის გარდა, მონაცემთა დამუშავების შესახებ თითოეული მოქმედი შეთანხმების საფუძველზე. ზოგიერთ აღნიშნულ სიტუაციაში დამმუშავებლების გამოყენება ნიშნავს პერსონალური მონაცემების შეზღუდულ გადაცემას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა გადაცემის შეზღუდვა მინიმუმამდე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ისეთი მონაცემების გადაცემა, რომლებითაც შეუძლებელია თქვენი უშუალო იდენტიფიცირება, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს არაავტორიზებული გამჟღავნების რისკი.

გაზიარება Volvo Car ჯგუფის სხვა წევრებისთვის

ზემოთ მოცემულ ნაწილში 2.5 და 2.6 აღნიშნული მონაცემები ასევე გაუზიარდება ჩვენი ეროვნული გაყიდვების კომპანიას, რომელიც მდებარეობს ქვეყანაში, საიდანაც მომდინარეობს მონაცემები, შემდეგი მიზნებით:

  • საცალო გამყიდველების მუშაობის შეფასება;
  • კლიენტთა მომსახურება;
  • მარკეტინგული სეგმენტირება;
  • გამოწერის გახანგრძლივების და ხელახალი გააქტიურების შეფასება.

გაზიარება სხვა მესამე მხარეებისთვის (ცალკე მაკონტროლებლებისთვის)

ჩვენ ვამუშავებთ გადახდებს მესამე მხარეების მეშვეობით, რომლებიც აგროვებენ გადახდის მონაცემებს უშუალოდ თქვენგან და არ გვიზიარებენ ამ მონაცემებს:

  • Stripe Inc. (გადახდის სერვისის, ბილინგის, ინვოისების და გამოწერის ადმინისტრირების პროვაიდერი). მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე https://stripe.com/en-se/privacy

Volvo Cars აპში გამოიყენება Google Maps თქვენი და თქვენი მანქანის ადგილმდებარეობის საჩვენებლად. მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე https://policies.google.com/privacy.

4. თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

როგორც მონაცემთა სუბიექტს, თქვენ გაქვთ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტით მონიჭებული გარკვეული კანონიერი უფლებები ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ეს უფლებები მოკლედ განმარტებულია ქვემოთ და თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ისინი ქვემოთ მითითებული სპეციალური ფორმის შევსებით.

  1. თანხმობის გაუქმების უფლება: თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ამ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მონაცემების შემდგომი დამუშავების მიმართ.
  2. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება: შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ. ჩვენ თქვენი მოთხოვნით წარმოგიდგენთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლს. თუ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამატებით ასლებს, ჩვენ შეგვიძლია გადაგახდევინოთ გონივრული გადასახადი ადმინისტრაციული ხარჯების საფუძველზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლებსაც ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემისას ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში, თუ მოითხოვთ ჩვენ მიერ იმის დადასტურებას, ვამუშავებთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გადავცემთ თუ არა მათ ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში.
  3. შესწორების უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი არასწორი ან არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება. ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს იმისათვის, რომ ჩვენს მფლობელობაში ან ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც უწყვეტად გამოიყენება, იყოს ზუსტი, სრული, აქტუალური და რელევანტური, ჩვენთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაციის საფუძველზე.
  4. შეზღუდვის უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, თუ:
    1. თქვენ დააყენებთ თქვენი პერსონალური მონაცემების სიზუსტის საკითხს, იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა სიზუსტის გადასამოწმებლად,
    2. დამუშავება უკანონოა და თქვენ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვას წაშლის ნაცვლად,
    3. ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნით, მაგრამ თქვენ ისინი გჭირდებათ სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად, ან
    4. თქვენ გააპროტესტებთ დამუშავებას, ხოლო ჩვენ შევამოწმებთ, ენიჭება თუ არა უპირატესობა ჩვენს სამართლებრივ საფუძველს თქვენს სამართლებრივ საფუძველთან შედარებით.
  5. პორტატიულობის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგინეთ და, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ (თქვენ მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი) თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის, თუ:
    1. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ავტომატიზებული საშუალებებით;
    2. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი თანხმობის საფუძველზე ხდება, ან ჩვენი მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა იმ ხელშეკრულების გასაფორმებლად ან შესასრულებლად, რომლის მხარესაც წარმოადგენთ;
    3. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენთვის წარმოდგენილია თქვენ მიერ; და
    4. თქვენი პორტატიულობის უფლება არ ლახავს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს.
    თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებული, გავრცელებული და მანქანით წაკითხვადი ფორმატით. თქვენი პერსონალური მონაცემების მიღების უფლება არ უნდა ლახავდეს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენგან სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემის უფლება წარმოადგენს უფლებას, რომელიც თქვენ გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა ტექნიკურად შესაძლებელია.
  6. წაშლის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ ეს მოთხოვნა, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენ მიერ, თუ დამუშავება არ არის საჭირო შემდეგისთვის:
    1. გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის გავრცელების უფლების განსახორციელებლად:
    2. სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც საჭიროებს მონაცემების დამუშავებას ევროკავშირის ან წევრი სახელმწიფოს ისეთი კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენზე ვრცელდება;
    3. საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ მიზნების მისაღწევად, სამეცნიერო, კვლევითი ან სტატისტიკური მიზნებისთვის; ან
    4. სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად.
  7. შედავების უფლება: თქვენ შეგიძლიათ – ნებისმიერ დროს – გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იმ პირობით, რომ დამუშავება არ ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, არამედ ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების გამო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ არ წარმოვადგენთ საკმარის სამართლებრივ საფუძველს და უპირატესი ძალის მქონე ინტერესს მონაცემების დასამუშავებლად ან სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად. თუ თქვენ გააპროტესტებთ მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ, გსურთ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ შევზღუდავთ მათ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს და მიზეზის მიუხედავად გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით (რაც მოიცავს პროფილირებას ასეთ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული მასშტაბით), თუ ასეთი დამუშავება ხდებოდა ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე. თუ მარკეტინგი ხორციელდებოდა თქვენი თანხმობის საფუძველზე, შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა (იხილეთ ზემოთ).
  8. საჩივრის შეტანის უფლება: თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი თქვენს მონაცემთა დაცვის ადგილობრივ საზედამხედველო ორგანოში ან ნებისმიერ სხვა მონაცემთა დაცვის ორგანოში ევროკავშირში. თუმცა ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ პირველ რიგში ჩვენ დაგვიკავშირდებით იმისათვის, რომ ვცადოთ თქვენი პრობლემის მოგვარება – ჩვენი საკონტაქტო მონაცემები მოცემულია ქვემოთ.

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი უფლებები ჩვენ მიმართ ამ ფორმის შევსებით (ჯერ აირჩიეთ თქვენი ქვეყანა ან რეგიონი, შემდეგ გახსენით და შეავსეთ ონლაინ ფორმა), რაც დაგვეხმარება თქვენი მოთხოვნის სათანადოდ განხილვაში. ონლაინ ფორმა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება თქვენი ვინაობის შესამოწმებლად და თქვენი მოთხოვნის განსახილველად. ტელეფონით ან ელფოსტით გამოგზავნილი მოთხოვნებისთვის საჭირო იქნება საკმარისი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ იმის გონივრულად შემოწმებას, რომ თქვენ ხართ ის პირი, რომლის პერსონალური მონაცემები შევაგროვეთ, ასევე საჭირო იქნება თქვენი მოთხოვნის საკმარისად დეტალურად აღწერა იმისათვის, რომ შევძლოთ მისი სათანადოდ შეფასება და მასზე რეაგირება. თუ ჩვენ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ვერ მოვახერხებთ თქვენი ვინაობის იდენტიფიცირებას წვდომის და წაშლის მოთხოვნებისთვის, შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ეს უფლებები ამ შეტყობინებაში ყველა ერთობლივად მოხსენიებული მაკონტროლებლის მიმართ.

5. საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, იხილოთ ზემოთ მოცემული ნაწილი 4. თუ გაქვთ სხვა კითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

Volvo Car Corporation

საფოსტო მისამართი: Assar Gabrielssons väg, SE-405 31, Gothenburg, Sweden (შვედეთი)

ელფოსტის მისამართი:

6. კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ჩვენი კონფიდენციალურობის წესები და შევიტანოთ განახლებები და ცვლილებები ამ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ. თუ ამ შეტყობინებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ, განსაკუთრებით, თუ ეს შეტყობინება თქვენს თანხმობას ეფუძნება, ჩვენ გაცნობებთ ასეთი ცვლილებების შესახებ. ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ აქტუალურია თარიღისთვის, რომელიც მითითებულია დოკუმენტის თავში.